"ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა" - სამადაშვილი შაჰინისა და ტერნერის ვიზიტზე
"ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა," - "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის საქართველოში ვიზიტს აფასებს. ოპოზიციის წევრის თქმით, უცხოელმა მარალჩინოსნებმა ქვეყანაში ვიზტიით ქართველ ხალხს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს, "ოცნების" ხელისუფლება კი ანტიდემოკრატიული გზიდან გადახვევის გამო მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
სამადაშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირ წერს, რომ არჩევანი პუტინის რუსეთსა და ევროკავშრის შორის ახლა სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს.
სენატორ შაჰინის და კონგრესმენ ტერნერის ვიზიტზე:
1. ჩამოვიდნენ, რომ ბოლო შანსი მიეცათ ივანიშვილისთვის აეხსნა, რა უნდა. არ შეხვდა. ვერ მოისმინეს ვერაფერი მისი სახელით მოსაუბრე მთავრობისგან-როგორ აპირებენ ურთიერთობების გადატვირთვას.
2. მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა დემოკრატიას და ქართველ ხალხს! ოცნების ტყუილები ამხილეს, თითქოს ამ ადმინისტრაციასთან აქვთ პრობლემები.
3. ელოდებიან და მხარს უჭერენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. გააფრთხილეს ივანიშვილის წარმომადგენლები, რომ დემოკრატიული გზიდან გადახვევას ექნება შესაბამისი შედეგები.
მათი გზავნილი ნათელია.
ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა სურს -ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება და ევროკავშირი, თუ პუტინის რუსეთში ცხოვრება.
ესაა 26 ოქტომბრის არჩევანი, - წერს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორი დღის წინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსვლის დღესვე შეხვდნენ.
გუშინ დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.