საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დავით თევზაძემ სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
შინდისის ბრძოლის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ სოფელ შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
შინდისის ბრძოლიდან 16 წელი გავიდა. შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი გმირი შეეწირა. 2008 წლის 11 აგვისტოს რკინიგზის სადგურთან მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს, მტერს არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლამ ორ საათს გასტანა. ამ დღის შემდეგ გმირებისთვის პატივის მისაგებად მემორიალთან მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქალაქეები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.