გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს გადადებასთან დაკავშირებით - თავდაცვის მინისტრი შაჰინთან და ტერნერთან შეხვედრაზე

11.08.24 15:08
გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს გადადებასთან დაკავშირებით - თავდაცვის მინისტრი შაჰინთან და ტერნერთან შეხვედრაზე

თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ამერიკული დელეგაციის წევრებთან შეჩერებული წვრთნების შესახებ ისაუბრა და მომხდართან დაკავშირებით გულისტკივილი გამოხატა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, არნიშნული პროექტი ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო როგორც საქართველოსთვის, ასევე აშშ-თვის. თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ ამერიკის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია და ეს არც დელეგაციის წევრებისთვის დაუმალავს. 

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში, სადაც ამერიკულ დელეგაციას შევხვდით, ჩვენ გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თანამშრომლობა სასარგებლოა არამხოლოდ ქართველი, არამედ აშშ-ის მხარისთვისაც. ასევე ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტები თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. ეს ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე ვისაუბრეთ და მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ორი დღის წინ ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს ჩამოსვლის დღესვე შეხვდნენ. 

გუშინ დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.