მდინარაძე: "დავგუგლე" და ტერნერი ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ კონგრესმენად იყო მოხსენიებული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამერიკელ კონგრესმენს სავარაუდო კორუფციაში ადანაშაულებს.
"როდესაც ჩვენ მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, დავგულგე და ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი" - ირწმუნება მამუკა მდინარაძე.
ამ კონგრესმენის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. როდესაც ჩვენ მიმართ ძალიან კრიტიკული განცხადებები გააკეთა, „დავგუგლე“ და „გუგლში“ ამოვარდა უამრავი ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის, ის მოხსენიებული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ჩაყოლა აღარ გვინდა, იქ შეიძლება გლობალური ომის პარტიაც ამოვარდნილიყო და საქართველოში „გუგლზე“ ძალიან გაბრაზდებოდნენ, საიდან მოიგონა ეს ამბებიო, მაგრამ ფაქტია. სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც იმავე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც არ აქვთ დიდი, რეგიონში დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე და საქართველოს - პირიქით. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართველი საზოგადოება ამ მიზეზებში უკვე რამდენიმე თვეა ან წელიწადია გაერკვა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს იმდღესვე შეხვდნენ.
10 აგვისტოს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.
ამერიკულ დელეგაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა.