“ყველამ მიხედოს თავის კორუფციას“ - ივანიშვილის გუნდი ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტზე

12.08.24 16:02
“ყველამ მიხედოს თავის კორუფციას“ - ივანიშვილის გუნდი ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტზე

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრის ვალდებულება არ ჰქონია და ყველას ურჩევენ, “მიხედონ თავის კორუფციას და არეულ თუ დაწყნარებულ ქვეყანას“.

“სინამდვილეში, შაჰინი,  ვიღაცა, გუშინ მხარს გიჭერდა და დღეს აღარ გიჭერს, არის მეასეხარისხოვანი.“ - ამტკიცებდა დღეს მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.

არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა ივანიშვილს შეხვედროდა სენატორს. აქ ჩვენ სხვა გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ჩვენ იმაზე გვაკრიტიკებენ, რაზედაც არ უნდა გვაკრიტიკებდნენ, ჩვენ გვაბრალებენ დეზინფორმაციას დეზინფორმაციულად, ამაზე თავად ბიძინა ივანიშვილი ილაპარაკებს, თუ ამისი სურვილი ექნება და როცა საჭიროდ ჩათვლის. სინამდვილეში, შაჰინი  ვიღაცა, გუშინ მხარს გიჭერდა დღეს აღარ გიჭერს, ეს ყველაფერი არის მეასეხარისხოვანი, ამ ქვეყნის რეალურ ინტერესთან და გამოწვევასთან“,- განაცხადა მდინარაძემ.

შეხვედრებს უწუნებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს “ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილიც და აცხადებს, რომ “გასაგებია, ეს რისკენაცაა მიმართული.“

რევოლუციების წამახალისებელი ეგონათ რომ იქნებოდა ეს ვიზიტი, ნურას უკაცრავად, ყველამ მიხედოს თავის კორუფციას და არეულ თუ დაწყნარებულ ქვეყანას, ჩვენ მივხედავთ ჩვენსას. როდესაც ქვეყანაში ჩამოდიხარ და კონკრეტული მესიჯი არ გაქვს, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ურთიერთობის გადატვირთვაზე რას აპირებ, და უბრალოდ გაქვს მესიჯი, რომ ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს და შედეგებით რა იქნება და შემდეგ ხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან დაკავშირებული იმ ენჯეოებთან, რომელსაც პირდაპირ აფინანსებს უცხოური ძალა, გასაგებია, ეს რისკენაც არის მიმართული“, - ამბობს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 9 აგვისტოს ეწვივნენ. მაღალჩინოსნები საქართველოს პრეზიდენტს იმდღესვე შეხვდნენ. 

10 აგვისტოს დილით შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი პრემიერ ირაკლი კობახიძეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.

ამერიკულ დელეგაციას "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა.