დოლიძე: 26 ოქტომბერს უნდა შევცალოთ რუსული ხელისუფლება
ამ წუთებში გუდიაშვილის მოედანზე "ძლიერი საქართველოს" პრეზენტაცია მიმდინარეობს - კოალიცია პოლიტიკური გამსხვილებისთვისა და არჩევნების ერთობით გამარჯვებისთვის ემზადება.
"ძლიერ საქართველოში" ახალი პოლიტიკური შეთანხმება ოფიციალურად წუთი-წუთზე უნდა გაფორმდეს. როგორც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, ქვეყანა გზის გასაყარზე დგას, ამიტომ მისი თქმით, დროა, ერთობით ქვეყანაში ივანიშვილის რუსული რეჟიმი დასრულდეს.
მაშინ, როდესაც ყოველ დღე სცემდნენ ჩვენ გულანთებულ შვილებს, ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა მივიღეთ თქვენგან მნიშვნელოვანი დავალება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს შევცალოთ რუსული ხელისუფლება. წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის 20-წლიანი მმართველობის სისტემა, რომელმაც ბევრი სატკივარი მოუტანა ქვეყანას. წარსულს უნდა ჩავაბაროთ სიღარიბე, უმუშევრობა და დავაბრუნოთ სიამაყის რწმენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევქმენით კოალიცია, რომელსაც გამარჯვება გვაერთიანებს. დღეს ჩვენ ვხვდებით ყველაზე მრავალფეროვანი და დიდი კოალიცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. დღეს ჩვენ კიდევ ვძლიერდებით და ეს ადგილი ტყუილად არ არის შერჩეული", - ამბობს ანა დოლიძე.