ელისაშვილი: სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ წყენებზე მაღლა დადგომა და ერთმუშტად შეკვრა უნდა შევძლოთ

13.08.24 11:39
ელისაშვილი: სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ წყენებზე მაღლა დადგომა და ერთმუშტად შეკვრა უნდა შევძლოთ

"სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ წყენებზე მაღლა დადგომა და ერთმუშტად შეკვრა" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საუბრობს და განმარტავს, რომ მიუხედავად მასსა და მამუკა ხაზარაძის შორის წარსულში არსებული კონფლიქტისა, "ძლიერი საქართველოსა" და "მოქალაქეების" ერთობა საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის სურვილმა განაპირობა. 

ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მხარეებმა დაპირისპირება უკანა პლანზე გადაწიეს, რათა ქართველი ხალხისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალური ალტერნატივა შეეთავაზებინათ. 

ამასთან, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გაერთიანებასთან დაკავშირებით "ოცნების" მიერ მიტანილ იერიშსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი თავს "ძლიერებს ესხმის და არა სუსტებს".

მთავარი დასკვნა ჩემთვის საქართველოს ისტორიის წაკითხვიდან და გააზრებიდან არის ის, რომ საჭირო დროს, სამშობლოს განსაცდელის დროს, ჩვენ უნდა შევძლოთ წყენებზე მაღლა დადგომა, ჩვენს ჯავრზე მაღლა დადგომა და ერთმანეთს ფეხი კი არ უნდა დავუდოთ, ერთმუშტად უნდა შევიკრათ. როდესაც სამშობლოს უჭირს და დღეს ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში, ჩვენს ქვეყანას არუსებენ, თითოკაცად და გათითოკაცებულები წინააღმდეგობას გავუწევთ, მაქსიმუმს კი გავაკეთებთ, მაგრამ ვერ დავამარცხებთ. დამარცხებისთვის არის ერთმუშტათ შეკვრა საჭირო და ერთმუშტად შესაკვრელად არის წყენებზე მაღლა დადგომა საჭირო. მე მოვძებნე ძალა, რომ ჩემს ჯავრზე მაღლა დავმდგარიყავი. მამუკა ხაზარაძემაც მოძებნა ძალა, რომ წყენაზე მაღლა დამდგარიყო. ამ კოალიციაზე დაიწყეს თავდასხმა უკვე, რადგან უტევენ ძლიერს და არა სუსტს. სუსტს ყურადღებას არ აქცევენ. დაინახეს ძალა, გაოგნდნენ, რომ ჩვენ აღმოგვაჩნდა ძალა და სიყვარული ამ ქვეყნის, რომ ამ ჯავრზე მაღლა დავმდგარიყავით და რა თქმა უნდა, გავაოცეთ. მტერს ვაწყენინეთ, მოყვარე გავახარეთ", - ამბობს ალეკო ელისაშვილი. 

"ძლიერ საქართველოში" ახალი პოლიტიკური ერთობა ოფიციალურად შედგა - ხაზარაძე-დოლიძე-ცუცქირიძის კოალიციას პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდა.