ურუშაძე: უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებს

13.08.24 11:49
ურუშაძე: უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებს

„უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რომ მიიღოს პირადი სარგებელი, რომლითაც შემდეგ ის აფინანსებს მმართველ პარტიას.“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ურუშაძის თქმით, ივანიშვილი და მისი გარემოცვა პასუხს აგებენ, როგორც საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მთელი მსოფლიოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების წინაშე "ჩადენილი დანაშაულების გამო".

„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები, მედია ამტკიცებდა და ეს არ იყო მხოლოდ ვარაუდები, ეს იყო მტკიცებულებები, რომელიც არაერთხელ გადაეცემოდა სხვადასხვა ოპოზიციური არხების ჟურნალისტური გამოძიების რეპორტაჟებში, თუმცა დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რომ მიიღოს პირადი სარგებელი, პირადი კეთილდღეობა. საუბარია დიდი ოდენობით შავ ფულზე, რომლითაც შემდეგ ის აფინანსებს თავის მმართველ პარტიას, რომელიც ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში და მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურა დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გაგრძელებული ფინანსური პოლიციით შინაგან საქმეთა სამინისტროთი, არის ჩართულია ამ დანაშაულებრივი სქემების მფარველობაში. ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი იყენებდეს შექმნილ პერსპექტივას ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შემოჰქონდეს ინვესტიციები, ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ავითარებდეს ეკონომიკას, რაც სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, შეიქმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ეკონომიკა, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირადი სარგებელი მიიღოს ამ დანაშაულებრივი საქმიანობით გამდიდრდეს თავად და მისი ვიწრო ოლიგარქიული კლანი. მე მეტსაც ვიტყვი, ეს არის დასაწყისი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული და სავარაუდოდ არის დაწყებული გამოძიებაც საერთაშორისო დონეზე, რომელიც აუცილებლად მივა ივანიშვილის და მისი გარემოცვის კართან და ისინი აგებენ პასუხს როგორც საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მთელი მსოფლიოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო.“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.
 

 „ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.