ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი, თავს ვიკავებ, უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო... - ოდიშარია ჰელსინკის კომისიის განცხადებაზე
უპრეცედენტო სკანდალში გახვეული "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. ივანიშვილის გუნდი ჰელსინკისს კომისიას უპირისპირდება და ამტკიცებს, რომ ბრალდებები ცრუ, უსამართლო და ცინიკურია.
"ოცნება" კონგრესში მოქმედ კომისიას საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.
ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულია „ქოლცენტრებთან“.
არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. “მიზანი” ერთია და ნათელი, საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა ხელისუფლებაში", - ამბობს ბექა ოდიშარია.
„ჰელსინკის კომისია“ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. „ქოლ-ცენტრებიდან“ შემოსავლის მიღებაში ამხელს - გავრცელებულ განცხადებაში, კომისია წერს, რომ ივანიშვილის პარტია ოპოზიციის შემავიწროვებელ ოპერაციებს შავი ფულითა და თაღლითური ქოლცენტრების სქემით აფინანსებს.