"ოცნება" ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს - ბოკუჩავა
"ქართული ოცნება" ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ომის საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც არის ყველაზე მაღალი სამართლებრივი ინსტანცია და რომელმაც გადაჭრით თქვა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და რომ სწორედ რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, 2008 წლის ომის თემაზე ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს და სამართლებრივი შეკითხვები მოიხსნა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.
ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან მუდმივი პედალირება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, ცრუ ნარატივებით საქართველოს უახლესი ისტორია რუსულად გადაწეროს, გაიმეოროს პუტინის ნარატივები და ცრუ შიშებზე პედალირებით, რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება” - აღნიშნა ენმ-ს თავმჯდომარემ.
თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს და პროპაგანდას არ წამოეგება.
26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერით კი არა, მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრით იქნება დაკავებული”, - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.