ნარკოდანაშაულის საერთაშორისო სკანდალი - "პირდაპირ ვამბობ, ქოცები ნარკოტრეფიკის წილში არიან"
ოპოზიცია ნარკოდანაშაულის საერთაშორისო სკანდალს, რომელშიც საქართველო ფიგურირებს, საგანგაშოს უწოდებს და ეჭვს გამოთქვამს, რომ ტრეფიკს გავლენიანი მფარველები ჰყავს
“ძლიერი საქართველოს“ წევრი, ლევან სამუშია სასწრაფო გამოძიების დაწყებას ითხოვს და აცხადებს, რომ თუ ეს ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან განზრახი ქმედებაა, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე საუბარი ზედმეტია.
ფაქტი არის საგანგაშო, როდესაც საქართველო სახელდება უმსხვილეს ნარკოტრეფიკის გამტარ ქვეყნად, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ეს მოხდა გულგრილობით, თუ ეს მოხდა განზრახ, ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან, მაგრამ დღევანდელი რუსული ხელისუფლების პირობებში, თუ ეს განზრახი ქმედებაა, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ამას ეყოლება ძალიან დიდი მფარველები, რომლებიც ამაზე ხელს ითბობენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მოშლილია ყველაფერი და კონტროლი არ არის“, - ამბობს ლევან სამუშია.
ოპოზიციის მტკიცებით, “ივანიშვილის პირობებში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს, რაც ქვეყანას სერიოზული საფრთხეების წინაშე აყენებს.“
ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არაერთი დანაშაულის დროს გვინახავს სხვადასხვა უწყებების მხრიდან ურთიერთ გადაბრალება და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა. ფაქტია, რომ ივანიშვილის პირობებში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ფუნქციონირებს და ჯეროვნად ვერ ასრულებს თავის მისიას და ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ამას ეწირება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ამასთან ეს აყენებს ჩვენს ქვეყანას სერიოზული საფრთხეების წინაშე და მათ შორის, იმგვარი საფრთხის წინაშე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიის გამოყენება უკანონო ვაჭრობისთვის”,- - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე მომხდარზე პასუხისმგებლობას სრულად “ოცნებას“ აკისრებს და აცხადებს, რომ ამ ნარკოტრეფიკის წილში სწორედ მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
საქართველოში ნარკოტიკები უკვე ნომერ პირველი პრობლემაა. სად ხდება ასეთი მძიმე ნარკოდანაშაული, იქ სადაც სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა არის წილში, ამ ნარკოტრეფიკის წილში არიან ქოცები, პირდაპირ ვამბობ, და როგორც მათ მოვაშორებთ, ეს ნარკომანია დასრულდება.
ჩაუჯდნენ წილში, ანადგურებენ ახალგაზრდა თაობას, წამლით მოსპეს რეგიონები, ვინ არის ამის წილში, სამართალდამცავი ორგანოები, და ამიტომაა, რომ ბულგარეთში აღმოაჩინეს საქართველოდან გატანილი ნარკოტიკული საშუალებები.
ამ დამნაშავეებს, რომლებმაც გააფუჭეს ახალგაზრდა თაობა, გაანადგურეს გენოფონდი, უნდა ვაგებინოთ პასუხი“, - განაცხადა ვაშაძემ.
ბულგარეთში, ბურგასის პორტში ტრაილერიდან $38 მილიონის ოდენობის 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შემდგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.