მორიგი უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაში „ოცნების“ მონაწილეობას დაადასტურებს - "საქართველოსთვის"

14.08.24 12:45
მორიგი უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაში „ოცნების“ მონაწილეობას დაადასტურებს - "საქართველოსთვის"

პარტია "საქართველოსთვის" ყველა იმ გარემოებაზე საუბრობს, რაც ქოლ ცენტრების საქმეში "ოცნების" ინტერესსა და მონაწილეობაზე მიუთითებს. ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებაში წერს, რომ ქოლ ცენტრების და მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ჯერ კიდევ აპრილში მოითხოვა, თუმცა ხელისუფლებისგან უარი მიიღო. მათივე ცნობით, მაშინ "სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების კვალის დასაფარად განცხადებები არაუფლებამოსილ უწყებაში, შსს-ში გადაიგზავნა". 

საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით გახარიას გუნდმა "ოცნებას" გუშინ კიდევ ერთხელ მიმართა. "საქართველოსთვის" პირდაპირ წერს, რომ მორიგი უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაში „ოცნების“ მონაწილეობას დაადასტურებს.

ხელისუფლების ინტერესთან დაკავშირებული კიდევ ერთი მაგალითი გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას, რაც ადასტურებს, რომ „ოცნება“ არამხოლოდ სარგებლობს ქოლ-ცენტრებიდან მიღებული შავი ფულით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს, არამედ ქოლ-ცენტრების ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მოქალაქეების დაშინების ინსტრუმენტია. 

2024 წლის 6 და 7 ივნისს მტკიცებულებებზე დაფუძნებული განცხადებები შევიტანეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ვითხოვდით ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილე ახალგაზრდების, ქალების, ბავშვების მიმართ ორგანიზებულ სისტემურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე გამოძიების დაწყებას „დევნის“ კვალიფიკაციით.

სახელმწიფოს დღემდე რეაგირება არ მოუხდენია. სისტემურ დანაშაულში ხელისუფლების კვალის დასაფარად და ზონდერებითვის წინასწარ შეპირებული ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად, განცხადებები არაუფლებამოსილ უწყებაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა და დღეს ამ დანაშაულებს „ოცნება“ ამნისტიას უცხადებს. უმოქმედოა საქართველოს პროკურატურაც. 
 

შესაბამისად, გუშინ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ „ოცნებას“ შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრების საქმეზე. ის, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლების ინტერესში არ შედის, ნათლად გამოჩნდა 2023 წლის აპრილში, როცა „ოცნებამ“ საბოტაჟი მოაწყო პარლამენტში და ჩვენს ინიციატივას ხმა არ მისცა. 

საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ამჯერადაც უარი და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტანილი ფაქტების გამოუძიებლობა, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ სქემაში „ოცნების“ ინტერესს და მის მონაწილეობას, - ნათქვამია განცხადებაში.