"პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა" - თამთა მიქელაძე ზუგდიდის ტრაგედიაზე

14.08.24 13:33
"პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა" - თამთა მიქელაძე ზუგდიდის ტრაგედიაზე

„სოციალური სამართილიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა და არა რომელიმე მშობელი. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საჯარო სამასხურებში სამუშაო ადგილებს ხელოვნურად ზრდიან, ზრდიან ასევე პრემიებს, სახელმწიფო სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და არც მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

მომხდარი შემთხვევა არის სიღარიბის დამანგრეველ ისტორიაზე. პასუხისმგებლობა არ შეიძლება, დავაკისროთ დედებს ან მშობლებს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დავაკისროთ სახელმწიფოს, რომელსაც ოჯახების გაძლიერების პოლიტიკა არ აქვს და მხოლოდ მიზერული მხარდაჭერებით ახერხებს მათთვის მინიმალური საარსებოს შემწეობის მიცემას. მაშინ, როდესაც მკვეთრად არის გაზრდილი საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების რაოდენობა და ხშირად მოჩვენებითი, ხელოვნური დასაქმების ადგილები იქმნება, მაშინ, როდესაც პრემიების სისტემა მკვეთრად იზრდება საჯარო სამსახურებში, ჩნდება კითხვა, რომ თავად სახელმწიფო რამდენად ადეკვატურად ახდენს იმ რესურსების გადანაწილებას და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, - ამბობს მიქელაძე.

ზუგდიდში დაღუპულ 6 წლის ტყუპებს გლოვობენ. ძმებმა სახლში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწიეს და გარდაიცვალნენ. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი და ძმა, რომლებმაც ალმოდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს.

ირკვევა, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს არც შუქი ჰქონდა და არც გაზი. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან გაჩნდა. დედა, რომელიც 4 შვილს ინახავდა, ამ დროს სამსახურში იყო და ბავშვები მარტო იყვნენ სახლში.