"დარწმუნებული ვარ, დაფინანსებაც გაუმჭვირვალე აქვთ" - ქადაგიშვილი თავს OOCRP-ს ესხმის

14.08.24 17:40
"დარწმუნებული ვარ, დაფინანსებაც გაუმჭვირვალე აქვთ" - ქადაგიშვილი თავს OOCRP-ს ესხმის

 OOCRP-ის, რომელმაც ივანიშვილის მოსკოვური ქონების შესახებ გამოძიება ჩაატარა, "ქართული ოცნება" თავდასხმით პასუხობს. ირაკლი ქადაგიშვილმა ეჭვი აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსების გაუმჭვირვალობაში შეიტანა და სიცრუის ტირაჟირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. 

არ ვიცი რა განცხადებებს აკეთებს რომელიღაცა ორგანიზაცია, რომლის, დარწმუნებული ვარ, დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა და გამომძიებლები ვინ ჰყავს, ესეც გაუმჭვირვალეა, ეს ერთი და მეორე, მარტივი რაღაცაა: ბიძინა ივანიშვილი წამოვიდა რუსეთიდან ათეული წლების წინ, მთელი თავისი ქონება და ფინანსური შესაძლებლობები გადაიტანა ევროპაში, სადაც გაქურდვისა და დაყაჩაღების მეტი არაფერი უნახავს ამ ხნის განმავლობაში, სხვათაშორის, ეგეც გამოიძიოს, ეგ თუ პატიოსანი გამომძიებელი ორგანიზაციაა და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს კეთდება იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ ჭაობში, რომელიც ოპოზიციაა, რაღაც თემები შემოაგდონ, - ამბობს ქადაგიშვილი. 

OOCRP "ქართულ ოცნებას", რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა, საგანგებო განცხადებით პასუხობს.

ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი ხაზგასმით წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.