“ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდები ქვეყნიდან გააქციოს“ - სოფო ჯაფარიძე “ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომლებთან მივიდა

14.08.24 19:34
“ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდები ქვეყნიდან გააქციოს“ - სოფო ჯაფარიძე “ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომლებთან მივიდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე “ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომლებთან მივიდა და სოლიდარობა გამოუცხადა მათ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ორი დღეა ამ ადამიანების გვერდითაა და წარმოუდგენელ ამბებს ისმენს იმის შესახებ, თუ რა პირობებში უწევდათ მუშაობა.

წარმოუდგენელ ამბებს ვისმენ ამ ახალგაზრდებისგან, წარმოუდგენელ პირობებში უწევდათ მათ მუშაობა. “ქართული ოცნების“ უკუღმართმა და მავნებლურმა პოლიტიკამ გააკეთა ის, რომ დღეს ეს უნიჭიერესი, განათლებული და მშრომელი ახალგაზრდები იძულებულები გახადნენ, შიმშილობა დაეწყოთ. გუშინ, მაგალითად, სამი თანამშრომელი გოგონა იყო მოსული, რომლებმაც ფორმები ჩააბარეს და გვითხრეს, რომ მიდიან ამ ქვეყნიდან,იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არ არის, რადგან არ მოიძებნა ღირესული სამუშაო ადგილები. აი, ამას აკეთებს “ოცნება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

პროტესტის 34-ე დღე - "ევოლუშენ ჯორჯიას" გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს. ახალგაზრები გეგმავენ, საკვების მიღებაზე იქამდე თქვან უარს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიისგან ასობით დასაქმებული ისევ შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ბულინგში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან გაშვებას ითხოვენ, თუმცა მოთხოვნათა საპასუხოდ, უკვე ცნობილია, რომ შესაძლოა, დღე-დღეზე “ევოლუშენმა“ შემცირების პროცესი დაიწყოს.