ნახევარი მილიონი "ოცნებას" - თამარ კორძაიას თქმით, შემოწირულებებით ანტიკორუფციული უნდა დაინტერესდეს

15.08.24 12:01
ნახევარი მილიონი "ოცნებას" - თამარ კორძაიას თქმით, შემოწირულებებით ანტიკორუფციული უნდა დაინტერესდეს

თუ ბიზნესი თავისუფალია, როგორ შეიძლება ყველას ერთი პარტიისთვის უნდოდეს თანხის შეწირვა?  - ასე აფასებს "ერთიანობის" ლიდერი თამარ კორძაია აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში „ქართული ოცნებისთვის“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობის მიღების ფაქტს.  

ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ კოლოსალური შემოსავლების მიღებით ანტიკორუფციული სააგენტო უნდა დაინტერესდეს: 

სერიოზულად, რომ გიპასუხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ანტიკორუფციული შესწავლის საკითხია ეს ყველაფერი, მით უფრო მაშ შემდეგ, რაც ჰელსინკის კომისიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალადობით შოულობს ფულს. თითოეული პირია შესასწავლი, ადამიანი იქნება თუ იურიდიული პირის შემოსავლების კანონიერებაა შესასწავლი. ეს არის ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი, თუ ბიზნესი თავისუფალია, როგორ შეიძლება ყველას ერთი პარტიისთვის უნდოდეს თანხის შეწირვა?"- აღნიშნა კორძაიამ. 

აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. (ეს თანხა თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის შემოსავალს).

ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტის თანახმად, “ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა 8 აგვისტოს მიიღო - ამ დღეს პარტიის ანგარიშზე შემოსავლის სახით 553 ათასი ლარი დაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოს, პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ დირექტორმა.