ჰელსინკის კომისიის უმწვავესი განცხადება - დაიწყება თუ არა საერთაშორისო გამოძიება "ოცნების" წინააღმდეგ
ჰელსინკის კომისიის უმწვავესი განცხადების პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დასავლელი პარტნიორის მიერ "ქოლ-ცენტრებიდან" შემოსავლის მიღებაში მხილებული "ქართული ოცნება" ძებნილთა სიაში მოხვდება.
ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის მფარველი პირების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება უახლოეს დღეებში დაიწყოს და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს ყველა ის პირი, რომლებიც ხმაურიან საქმეში ფიგურირებდნენ.
დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ "სახელმწიფო მარცხის ჩამორეცხვის გამო, გამოძიება თავად დაიწყონ".
ეს არ იქნებოდა უბრალოდ კომისიის განცხადება. ამას აუცილებლად ექნება, ან დაწყებულია, ან იწყება გამოძიებები. თუ ეს დადასტურდა და დადასტურებული ფაქტი იქნება, არ გამოვრიცხავ, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადდეს ის ხალხი, რომელიც ამ ტრანსნაციონალურ დანაშაულში არის ჩართული. მე ბევრად უფრო სერიოზულად მოვეკიდებოდი მათ ადგილას ამ განცხადებას და რეაქციებიც შეიძლება ჰქონდეთ, რომ თუნდაც თავად გამოიძიონ რაღაცები. ასეთი მასშტაბური ქოლ-ცენტრების არსებობა აუცილებლად განპირობებულია იმით, რომ ვიღაც სერიოზული, გავლენის მქონე ადამიანი უჭერს მხარს. სხვანაირად საქართველოში ასეთი ქოლ-ცენტრი ვერ განხორციელდება, თუ არ ექნება ძლიერი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა უნდა გამოავლინონ, პასუხისგებაში მისცენ იმისთვის, რომ სახელმწიფომ ეს მარცხი ჩამოირეცხოს. სხვა შემთხვევაში, თითოეული მათგანი ეჭვის ქვეშ დგება და რეაქციებიც შესაბამისი იქნება დასავლეთის ქვეყნებიდან. ეს არ იქნება მხოლოდ სანქციები, თუ დამტკიცდა, შეიძლება, ძებნა გამოცხადდეს იმ ადამიანებზე, ვინც არის ჩართული", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ჰელსინკის კომისიის ხმაურიანი განცხადების შემდეგ, საერთაშორისო გამოძიების დაწყების მოლოდინი ოპოზიციასაც აქვს.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, გრიგოლ გეგელია "პირველებთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი შეუბღალა.
საერთაშორისო დონეზე საქმის აღძვრა, ისე როგორც ძებნის გამოცხადება შესაბამის პირებზე, არის სრულიად მოსალოდნელი შემდგომი პროცესი ასეთი ტიპის საქმეში. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება სრულიად ლეგიტიმური პროცესი, რადგან ჩვენ მოვისმინეთ ფართომასშტაბიანი კანონდარღვევის შესახებ, როდესაც კრიმინალური გზებით მოპოვებული სახსრები გამოიყენებოდა ქართული სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამიტომაც სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური იქნება, თუ ჩვენ ვნახავთ შესაბამის საქმეს", - ამბობს გეგელია.
ცნობისთვის, 14 აგვისტოს, ჰელსინკის კომისიამ "ქართული ოცნება" ე.წ. "ქოლ-ცენტრებიდან" შემოსავლის მიღებაში ამხილა.