"ოცნების" მაღალჩინოსნებს შესაძლოა, სანატრელი გაუხდეთ სანქციები და ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყოს - ნადირაძე
"ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს შესაძლოა, სანატრელი გაუხდეთ სანქციები და ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყოს" - ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიება დაიწყება.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანატრელი გაუხდეთ სანქციები, იმიტომ რომ ეს არის იმ დონის სკანდალი და დანაშაული, რომ წესით, უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, რასაც შეიძლება, ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა მოჰყვეს.
რაც შეეხება იმას, უნდა დაეწყო თუ არა გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურას, რა თქმა უნდა, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს ასე მოხდებოდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აწყობილი აქვს კორუფციული პირამიდა, რომელსაც თავიდან ბოლომდე თვითონ მართავს და ამიტომ ეს გამოძიება, რასაკვირველია, არ დაიწყება.
თუმცა, მე ვფიქრობ რომ ჰელსინკის კომისია მხოლოდ განცხადებით არ შემოიფარგლება და ამას მეტი გაგრძელება მოჰყვება საერთაშორისო დონეზე", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.
შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიამ განცხადება გაავრცელა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდა მკაცრი ზომები მიიღოს იმ ქოლცენტრების წინააღმდეგ, რომლებიც „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ კამპანიას ასპონსორებენ.