ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა - აქუბარდია

15.08.24 13:31
ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს და ქვეყანას უღალატა - აქუბარდია

"ეს საკუთარი ქვეყნის და ხალხის ღალატია" - ასე აფასებს დეპუტატი თეონა აქუბარდია გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ციტატის მოყვანას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "ეს იყო წინასწარ დალაგებული საკითხი, რომ "ქართულ ოცნებას" ხელი კრემლისთვის გაეხსნა".

რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ დალაგებული საკითხი, რომ "ქართულ ოცნებას" ხელი გაეხსნა კრემლისთვის, მნიშვნელოვანი განხილვისას მიეცა დამატებითი არგუმენტები იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ საქართველოა დამნაშავე ამ ომში, არამედ, მათ შორის, დასავლეთი, რომლის წაქეზებითაც ეს ომი მოხდა. სხვა რა უნდა დაარქვა ამას, თუ არა ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის. საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც განცხადება გავრცელება მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა, რა თქმა უნდა, მალავს ამბავს", - ამბობს აქუბარდია.

ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. 

რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.