"ყველა შემომწირველი, რომელიც განსაკუთრებით დიდ თანხას სწირავს მმართველ პარტიას, დაკავშირებულია ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან" - ვასო ურუშაძე
"ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი - ყველა შემომწირველი, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას სწირავს მმართველ პარტიას, დაკავშირებულია "ქართული ოცნების" გავლენიან პირებთან, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანთან“,- ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციულმა მდივანმა, ვასო ურუშაძაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი წლების განმავლობაში სარგებლობენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც მინდობილი ხელშეკრულებით, ასევე ტენდერები ძალიან დიდი თანხის აკუმულირებით, რაც თავისთავად, კორუფციაა.
ისინი ერთი მხრივ, წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან იღებენ ფინანსურ რესურსებს და შემდეგ ხდებიან მმართველი პარტიის შემომწირველები.
ის, რომ არცერთი კომპანია, არც ერთი კერძო ბიზნესი არ სწირავს თანხას ოპოზიციურ პარტიას, იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ავტორიტარული მმართველობა, ანუ ბიზნესი თავს აძლევს უფლებას, მხოლოდდამხოლოდ მმართველ პარტიას შესწიროს თანხა. ეს არის ერთგავრი, კორუფციული გარიგების მაგალითი: ჩვენ არ შეგვიძლია ამჟამად ვილაპარაკოთ წინასაარჩევნოდ ჯანსაღ, კოკურენტულ გარემოზე, რადგან მთელი ფინანსური რესურსი აკუმულირებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. ასევე, აღსანიშნავია, რომ პირები, რომლებიც განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას სწირავენ "ქართულ ოცნებას", დაკავშირებული არიან თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან, რასთან დაკავშირებითაც გაკეთდა განცხადება შეერთებული შტატების კონგრესის მიერ, კერძოდ, ჰელსინკის კომისიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არის გამოყენებული შავი ფული, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრებიდანაა მიღებული.
ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობას და დაკავშირებული არიან იმ პირებთან, რომლებიც საქართველოში უშუალოდ ფლობენ ამ ქოლ-ცენტრებს. ეს არის დიდი, შავი ფულის კარუსელი, რომელსაც ატრიალებს ბიძინა ივანიშვილი და ცდილობს, ამით შეინარჩუნოს ძალაუფლება“,- განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე, ზრუნავს არა ეკონომიკის განვითარებაზე, არა ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნაზე, არამედ ზრუნავს პირად ძალაუფლებაზე, რომელიც გამოყენებულია პირადი გამდიდრებისთვის, პირადი კეთილდღეობისთვის, მხოლოდ ივანიშვილისა და მისი ახლო გარემოცვისთვის.
ამიტომ ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა დავამაცხოთ ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სწორედ კორუფციის დამარცხებით, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, განვავითაროთ ეკონომიკა და მეტი კეთილდღეობა მოვუტანოთ საქართველოს მოსახლეობას", - განაცხადა ვასო ურუშაძემ "ქართული ოცნების" შემოწირულობებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, აგვისტოს პირველ რვა დღეში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო. ეს თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის მიერ მიღებულ თანხას. აგვისტოში "ქართულ ოცნებას” დიდი ოდენობით თანხა უკვე 20-მდე პირმა ჩაურიცხა, მათ შორისაა “ქართუ ბანკის” დირექტორი, რომელმაც პარტიას 40 000 ლარი შესწირა. შემოწირებულობებით მეორე ადგილზე ოპოზიციური პარტია "ახალია", რომელსაც 225 ათასი ლარი შესწირეს.