"არჩევნების შემდეგ კისერი მოსტყდებათ" - ოდიშარია წინა ხელისუფლებაზე
გაეროში, რუსი დიპლომატის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ "ოცნების" განცხადებიდან ციტატების მოყვანასთან დაკავშირებით, ივანიშვილის გუნდი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს.
ბექა ოდიშარია ირწმუნება, რომ "ოცნების" განცხადება, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომი სააკაშვილმა გარე ძალების ბრძანებით დაიწყო, ტალიავინის დასკვნას ეფუძნებოდა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ბრალდებებისგან დაცლილი იყო.
ამასთან, როგორც ოდიშარიამ თქვა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ომის დანაშაულებში გასამართლდება - "გინდა კუდი ქოთანს აქედან მიაბან, გინდა იქიდან, მათ მაინც მოსტყდებათ კისერი".
რუსეთი ოკუპანტია და დამპყრობელი საქართველოს ტერიტორიების 20%-ისა და შემდეგ უკვე 25%-ისა, რომელიც სააკაშვილისა და მისი სამოქალაქო სარდლობის უთავბოლო პოლიტიკამ განაპირობა მათ შორის. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება მთლიანად ეყრდნობა ინტერვიუზე, რომელიც შეეხებოდა ტალიავინის მიერ შექმნილ დასკვნას. პოლიტსაბჭოს განცხადება აბსოლუტურად დაცლილია რაიმე ბრალდებისგან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.
მე გითხარით ვინც აბრალებდა, ეს იყო სააკაშვილი, მისი სამოქალაქო სარდლობა და სალომე ზურაბიშვილი მის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დასაწყისში. როგორ უნდა ჩამოირეცხონ, გინდა კუდი ქოთანს აქედან მიაბან, გინდა იქიდან, მათ მაინც მოსტყდებათ კისერი არჩევნების შემდეგ ამ სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით", - ამბობს ოდიშარია.
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.