უქმნის თუ არა კობახიძეს უხერხულობას, რომ რუსები "ოცნების" განცხადებას ციტირებენ?
უქმნის თუ არა ირაკლი კობახიძეს უხერხულობას, რომ გაეროში რუსეთის ელჩმა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დასადანაშაულებლად "ოცნების" განცხადება წაიკითხა? - პრემიერმა დღეს კითხვას არ უპასუხა და თქვა, რომ "ეს არ არის საინტერესო".
კობახიძეს ასევე ჰკითხეს, უქმნის თუ არა ქართული ოცნების განცხადება რუსეთს მტკიცებულებას, რომ მათი ბრალეულობა გაქარწყლდეს, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ "ენმ-ს დასჯა არ ნიშნავს ვინმეს გათავისუფლებას საკუთარი ბრალეულობისგან".
"სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობა არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის ბრალეულობას. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ეს არის ჩვეულებრივი ბრალეულობა, რომელზეც თავისუფლად შეიძლება ვისაუბროთ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ სააკაშვილის რეჟიმის ბრალეულობაზე.
რეალურად, მოხდა მარტივი რამ - სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა ღალატი, ეს არის მისი ბრალეულობა და ამით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და განახორციელა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის რუსეთის ბრალეულობა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ერთის ბრალეულობა მეორეს ბრალეულობას არ გამორიცხავს. ბრალეულობა არ იქნებოდა, თუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არ იქნებოდა ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით არის ნათელი, ნაცმოძრაობის დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე გათავისუფლდება საკუთარი ბრალეულობისგან", - ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, გაეროში სკანდალური სხდომა ჩატარდა - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.
რუსეთმა მაღალი ტრიბუნალიდან აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.
გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".