დეზინფორმაციის კამპანიას მიმართავენ ხელისუფლებები მაშინ, როცა ძალიან ეშინიათ - ეკა გიგაური Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე

15.08.24 21:57
დეზინფორმაციის კამპანიას მიმართავენ ხელისუფლებები მაშინ, როცა ძალიან ეშინიათ - ეკა გიგაური Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური “პირველების“ ეთერში Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, ვის ინტერესებში მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება.

გიგაურის მტკიცებით, ეს იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებას საკუთარი ძალების არ სჯერა, სხვა შემთხვევაში დეზინფორმაციით არ დაკავდებოდნენ.

რუსეთში არსებული ყალბი გვერდები დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და აშავებდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და ამავდროულად, მხარს უჭერდნენ “ქართულ ოცნებას“. ვის ინტერესებში მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება, აშკარაა, რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლება და როგორც ჩანს, მათი მხრიდან გარკვეული რესურსები იდება, რომ ის განწყობები იყოს საზოგადოებაში, რაც აწყობს “ოცნებას“. ამ ანგარიშში კონკრეტულ თანხაზეცაა საუბარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ ადრესატამდე მისულიყო და კითხვის ნიშნები გასჩენოდა ხალხს.

სერიოზულ კორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიას მიმართავენ ხელისუფლებები, მაშინ როცა ძალიან ეშინიათ. მათ რომ საკუთარი ძალების სჯეროდეთ, დეზინფორმაციით არ დაკავდებოდნენ. ამიტომ არის, რომ არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან, პირდაპირ საქართველოდან არსებული სოცგვერდებიდან ვრცელდება დეზინფორმაცია. სახელმწიფო მედიებიც იგივეს აკეთებენ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამ მეთოდებს მიმართავენ, მაგრამ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ სჯერა და ეს სასიხარულოა, რადგან ბევრი ადამიანი გავა არჩევნებზე, არ დაიჯერებს ტყუილებს და გააკეთებს სწორ არჩევანს“, - განაცხადა გიგაურმა.

გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი. 

კომპანიამ დოკუმენტი დღეს, 15 აგვისტოს გამოაქვეყნა.

Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.

Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ.