გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი სტრატეგია, რომ რუსეთი აგრესორია, შეიძლება გაბათილდეს...ვის ვუგორებთ კოჭს? - "ოცნებიდან" დემარშით წასული ელჩი

16.08.24 10:10
გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი სტრატეგია, რომ რუსეთი აგრესორია, შეიძლება გაბათილდეს...ვის ვუგორებთ კოჭს? - "ოცნებიდან" დემარშით წასული ელჩი

გაეროს სკანდალური სხდომა და  რუსი დიპლომატის გულის ჯიბეში შენახული ქართული "ოცნების" განცხადება - საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი "ოცნებას" ჰააგის სასამართლოს და სტრასბურგის დოკუმენტებს ახსენებს, სადაც შავით თეთზე წერია, რომ 2008 წელს აგვისტოში რუსეთი იყო აგრესორი.

ამასთან ერთად ჯავახიშვილის სოციალურ ქსელში პუტინის აღიარით ინტერვიუსაც აქვეყნებს, სადაც რუსმა დიქტატორმა დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე დაიგეგმა.

"სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში "ჩვენს პოზიციებს" იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.

ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი.  ეს არის მისი პასუხი, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან? 

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს  "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის  სტრატეგიას.

ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ. 

რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას? 

ოჰ, ყოვლისგამგეო ... გული მიმძიმდება, როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომ
ეროვნული ინტერესი უპირატესი და უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე." -წერს დიპლომატი. 

გაეროში, რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.

გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა". 

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, გოჩა ჯავახიშვილმა რუსული კანონის მიღების გამო, ელჩის თანამდებობა დატოვა.