პაპუაშვილი: ვინ (რუსეთი) რა ციტატას გამოიყენებს და წაიკითხავს ამას ჩვენ ვერ ვიტყვით
"ვინ რა ციტატას გამოიყენებს და წაიკითხავს ამას ჩვენ ვერ ვიტყვით" - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსი დიპლომატის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატის მოყვანას.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი მედიასთან საუბრის დროს აცხადებს, რომ "კარგია, თუ ციტატებს უყურებენ, რადგან იქ "ოცნების" მიზანს ამოიკითხავენ, რომელიც საქართველოს დეოკუპაციას შეეხება".
ამასთან, ივანიშვილის გუნდი კვლავ აგვისტოს ომის გამოძიებით იმუქრება. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკნვას მოაწერა, რომლითაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ ქვეყანას უღალატა და ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო - "ყველაფერ ამას პასუხი უნდა გაეცეს".
ვინ რა ციტატას გამოიყენებს და წაიკითხავს ამას ჩვენ ვერ ვიტყვით, მაგრამ კარგია, თუ ციტატებს უყურებენ ჩვენი განცხადებებისა, სადაც ისინი ამოიკითხავენ, რომ მთავარი მიზანი, რაც აქვს "ქართულ ოცნებას" არის საქართველოს დეოკუპაცია, ამიტომ შეუძლია წაიკითხონ.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ღალატი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და, ახლა თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, როგორც მოქალაქეებმა და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თვალწინ.
ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც ისინი ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ცეცხლი გახსნა. ეს არის ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანამონაწილეც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ და ა.შ. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეს პასუხი.
ჩვენ შევძელით ის, რომ შემოვაბრუნეთ საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავები და გავამართლეთ ქართველი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობა“ აბრალებდა.
ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოში ერთადერთი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული, ეს იყო სეპარატისტული რეჟიმი და რუსი სამხედროები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლო დონეზე აღიარებული იქნა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს. შევძელით ის, რომ ვაღიარებინეთ სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ვაღიარებინეთ ჰააგის სასამართლოს, რომ ომის დანაშაულები მხოლოდ სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გაეროში, რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.
გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".