წინა ხელისუფლებას ყველაფერზე პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მოუწევს - მაჭავარიანი

16.08.24 11:41
წინა ხელისუფლებას ყველაფერზე პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე მოუწევს - მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი აგვისტოს ომთან დაკავშირებით საჯარო სასამართლოთი იმუქრება - რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო, რის გამოც სასამართლოს წინაშე პასუხების გაცემა მოუწევს.

ლევან მაჭავარიანი სააკაშვილის ხელისუფლებას კონკრეტულ პასუხებს სთხოვს და აცხადებს, რომ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა განმარტოს, თუ რატომ მოაწერა ხელი ტალიავინის დასკვნას. 

ახალა დადგა ის დრო, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" პასუხი უნდა გასცეს ძალიან ბევრ კითხვას, თუ რატომ მოაწერეს მათ ხელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ჩვენს სამხედროებს აბრალებენ ომის დაწყებას. რატომ დაეთანხმნენ ისინი ტალიავინის დასკვნას, სადაც პირდაპირ აქვთ აღიარებული, რომ ენმ-მა და ჩვენმა ქვეყანამ შეუქმნა რუსეთს სამართლებრივი საფუძველი, რომ რუსეთს აგრესია განეხორციელებინა და ა.შ.. ბევრი კითხვის ნიშანია და ისინი ვერ გაექცევიან, საჯაროდ სასამართლოს წინაშე მოუწევთ ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

გაეროში, რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.

გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".