ტროლების და ბოტების ქარხანა აქ არ გყოფნით და ახლა რუსები გამოიძახეთ მხარდასაჭერად? - ვაშაძე "ოცნებას"
ტროლების და ბოტების ქარხანა აქ არ გყოფნით და ახლა რუსები გამოიძახეთ მხარდასაჭერად? - ასე ეხმაურება "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე Meta-ს სკანდალურ ანგარიშს, რის მიხედვითაც რუსი ტროლები "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ.
ვაშაძის თქმით, 77000 დოლარია ამ კონკრეტულ შემთხვევაში დახარჯული რუსეთიდან იმისთვის, რომ ''ქართულო ოცნებას'' საქართველოში სიყალბის გავრცელებაში დაეხმაროს.
წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ. მთავრობა, რომელიც უნდა ზრუნავდეს: დასაქმებაზე, ფასების დაკლებაზე, ემიგრაციაში ხალხი არ წავიდეს, თურმე რით არის დაკავებული. გუშინ facebook- მა 76 ანგარიში გააუქმა რუსეთში, 11 ანგარიში instagram-ის, 30 facebook გვერდი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა. რუსული კანონის მხარდასაჭერად. ანუ ''ქართული ოცნების'' პროპაგანდის მხარდასაჭერად. რუსეთიდან, თურმე რუსეთში შექმნილია მთელი სისტემა, რომელიც მათ ეხმარებიან, რომ ყალბი ინფორმაციები გაავრცელონ საქართველოში. 77000 დოლარია ამ კონკრეტულ შემთხვევაში დახარჯული რუსეთიდან ხაზს ვუსვამ იმისთვის, რომ ''ქართულო ოცნებას'' დაეხმაროს სიყალბის გავრცელებაში საქართველოში. მე მინდა ვკითხო, ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლებს, იმ სიყალბეების ტირაჟირება ხომ აღარ გყოფნით, რასაც საქართველოში აკეთებთ. აქ, რომ ტროლების და ბოტების ქარხანა გაქვთ აწყობილი და ყველა ყალბ რეალობას რომ ქმნით საქართველოში ესეც არ გყოფნით და ახლა რუსები გამოიძახეთ მხარდასაჭერად, რომ ეს სიყალბეები მიაწოდოთ ხალხს. ეს არის თქვენის სახე? ეს არის ხალხზე ზრუნვა? რატომ არ დადიხართ ხალხში, რატომ არ გადიხართ ქუჩაში, რომ ხალხს კითხოთ სად არის რეალურად პრობლემა? მარტო სიყალბის წარმოებით, ხომ არ უნდა იყოთ დაკავებული. კიდევ, რამდენი მაგალითი და მტკიცებულება უნდა ავიღოთ თქვენი კავშირების რუსეთთან და თქვენი ამ სიყალბეების ტირაჟირების, რომლის პირდაპირ სახელმძღვანელოს იღებთ რუსეთისგან. წარმოუდგენელია უბრალოდ, მტრად აცხადებთ ევროპას, მტრად აცხადებთ ამერიკას, შეაჩერეთ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, წარმოუდგენელი მძიმე დარტყმა მიაყენეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და აქეთ თურმე ყალბი ანგარიშები გაქვთ გახსნილი რუსეთში და იქიდან ხარჯავთ საქართველოში ფულს, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანოთ, გააყალბოთ რეალობა. დღესავით ნათელია 26 ოქტომბერი არის აი ამ სიყალბეების დასრულების დღე", - განაცხადა ვაშაძემ.
გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი.
Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.