„არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან - ფავლენიშვილი
„არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან,“ - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა Meta-ს მიერ ანგარიშების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილი გამოსავალს 26 ოქტომბრის არჩევნებში ხედავს და ამბობს, რომ „ოცნება“ ერთიანობით უნდა გაისტუმრონ ხელისუფლებიდან, რადგან "მათი ყოფნა ქვეყნის სათავეში არის საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციისათვის".
„არამხოლოდ „ოცნება“, არამედ მისი მხარდასაჭერი ანგარიშებიც კი სოციალურ ქსელში მართულია უშუალოდ რუსეთიდან. ჩვენ ვნახეთ ჰელსინკის კომისიის დასკვნა, სადაც დამტკიცდა, რომ საერთაშორისო კრიმინალით არის დაფინანსებული მისი ბანდა, შესაბამისად ჩვენ საქმე გვაქვს კორუმპირებულ, კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც ერთიანობით უნდა დავამარცხოთ 26 ოქტომბერს და გავისტუმროთ ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეებიდან, რადგან ისინი ყოველდღიურად საფრთხეს უქმნიან, რეპუტაციას გვილახავენ და ეროვნულ ინტერესებს წირავენ ჩვენი ქვეყნის.
სიძულვილი, ზიზღი, რომელსაც „ოცნება“ თესავს, მათ შორის ნარატივები, რომელსაც ავრცელებენ ჩვენი პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი არის კრემლის მთავარი ინტერესი. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კრემლიდან არის მართული „ოცნება“ და უნდა გავისტუმროთ 26 ოქტომბერს, რადგან მათი ქვეყნის სათავეში ყოფნა არის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ინსტიტუციებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი.
Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.