რატომ გააკეთებს რუსეთი ამას, თუ არ უნდა, რომ "ოცნებამ" ძალაუფლება შეინარჩუნოს? - გიგაური Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე
რატომ გააკეთებს ამას შენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფო თუ არ უნდა, რომ ამ კონკრეტულმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება? - ასე ეხმაურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური Meta-ს სკანდალურ ანგარიშს, რის მიხედვითაც რუსი ტროლები "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ.
გიგაურის თქმით, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ''ქართული ოცნება'' რუსეთის მხრიდან განიხილება, როგორც პარტნიორი .
ის, რომ მთავრობა დეზინფორმაციას ახორციელებს ეს ახალი არ არის და ამას აქვს ძალიან დიდი მასშტაბი, მაგრამ დღეს უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ მათ სასარგებლოდ დეზინფორმაციაში ჩართულები არიან ჯგუფები, რომლებიც მოქმედებს რუსეთის ტერიტორიიდან ანუ რუსეთის მთავრობა, როგორც ჩანს ეხმარება ''ქართულ ოცნებას'' ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში და ასევე რუსეთის მიერ მართული ანგარიშები აქებენ და მხარს უჭერენ ''ქართულ ოცნებას'', აქ მთავარი ეს არის რატომ გააკეთებს ამას შენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფო თუ არ უნდა, რომ ამ კონკრეტულმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუ არ თვლის ის, რომ აი ეს პარტია თუ კი დარჩება ხელისუფლებაში ეს იქნება ძალიან კომფორტული მათთვის და ფაქტობრივად უნდა ითქვას, რომ ''ქართული ოცნება'' რუსეთის მხრიდან განიხილება, როგორც პარტნიორი" - ამბობს გიგაური.
გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი.
Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.