გალავანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარშემო - ცესკოში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს

16.08.24 14:40
გალავანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარშემო - ცესკოში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს

რკინის ღობე ცენტრალური საარჩევნო კომისიის გარშემო - ცესკოში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. 

მექსიკის საზღვრის ღობე - ასე შეაფასეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცესკოს გარშემო შემოვლებული ახალი კონსტრუქცია და სხდომაზე იკითხეს, თუ რატომ გამოცხადდა საგანგებო მზაობა და რატომ დაამატეს რკინის კონსტრუქციები  ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით უსაფრთხოების ეს ზომები, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. 

,, მე არ ვიცი რისი გეშინიათ, იმიტომ რომ თუ თქვენ ემზადებით არჩევნებისთვის. გარეთ ამხელა ღობე შემოავლეთ ცესკოს. მე ვფიქრობ, კრიტიკული აზრი, რომლის მოსმენაც თქვენ ხშირად არ გინდათ ხოლმე, მიკროფონის გამორთვით თქვენ ამას აკეთებდით ხოლმე, ახლა მე ვფიქრობ გინდათ დამატებითი ბერკეტი შეიძინოთ ცესკოს შემოავლეთ ამხელა მესერი და რისთვის ემზადებით ამ არჩევნებისთვის, რამ მოგცათ იმის საფუძველი, რომ მიიღოთ ასეთი ზომები"- თქვა "ძლიერი საქართველოს" და ცესკოს წევრმა გიორგი სიორიძემ.

ცესკოს თავმჯდომარე ამტკიცებს, არაფრის არ ეშინიათ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობისთვის ღობის შემოვლებას მოახლოებულ არჩვენებთან არაფერ შუაშია.

რისი უნდა გვეშინოდეს, ძალიან ბევრი არჩევნები ჩაგვიტარებია და კიდევ უფრო მეტს ჩავატარებთ...გაიზარდა საჭიროებები, გაიზარდა ადამიანური რესურსი, გაიზარდა ინფრასტრუქტურული მოცემულობა, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ შენობაში იყოს შესაბამისი წესრიგი დაცული - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა