როდის გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? - რას ამბობს კობახიძე

16.08.24 15:56
როდის გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? - რას ამბობს კობახიძე

როდის გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? - ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მზაობა არ გააჩნია და 2030 წელი ის თარიღია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური ნაბიჯისთვის მზად იქნება. 

"არის რაღაც პატარა თამაშები, რის გამოც 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ" - ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ "მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ასეთი თამაშები შანტაჟისთვისაც არ გამოდგება".

ამასთან, რუსული კანონის მიმღები პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაეხსნათ, ევროპულ ღირებულებებს შორდება, ხოლო საქართველო, რომელთანაც ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა, ევროკავშირს უახლოვდება.

რეალურად, თუკი რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია, კორუფცია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს, რეალურად, თვისებრივი დაახლოების პროცესი. შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ეს გამოიხატება, მაგალითად, ეკონომიკურად იმაში, რომ იგივე ამ სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით 9 მილიარდით გავასწარით მოლდოვას ჩვენი ეკონომიკით და თქვენ იცით, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ეს არის, მათ შორის, გამჭვირვალობა, რომელიც არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, რომელიც დაინერგა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში და გვაქვს მუდმივი პროგრესი ყველა თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, ამ თამაშების გამო თქვენ იცით, რომ ჩვენ 2022 წელს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ ეს სტატუსი. აქაც თუ ასეთი თამაშები იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული გამომდინარე იქიდან, რომ იგივე კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება მოლაპარაკებების გახსნა როგორც საკითხი და როგორც თემა.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას აქ დიდი რისკები არ აქვს. საბოლოო ჯამში აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის", - ამბობს კობახიძე.