“ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ბრალია, ბავშვები თერჯოლის სკოლაში რომ ვერ სწავლობენ“- ცამციშვილი
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლების უყურადღებობის და არაკომპეტენტურობის ბრალია, ბავშვები სკოლაში ვერ სწავლობენ.
მისი თქმით, რეაბილიტაცია ისე ნელა მიმდინარეობს, რომ სკოლა კიდევ ერთ წელს იქნება დარჩენილი უფუნქციოდ.
უკვე მეოთხე წელიწადი იწყება, რაც თერჯოლის პირველი საჯარო სკოლა არ ფუნქციონირებს და აქედან მოსწავლეებს ჩხარის სკოლაში უწევთ სიარული, რომელიც აქედან, დაახლოებით 10 კმ-ითაა დაშორებული.
იმის მიუხედავად, რომ ეს პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ მოახერხა რეაბილიტაციის დასრულება და პროცესი ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რომ სავარაუდოდ, სკოლა, მინიმუმ, კიდევ ერთი წელი იქნება უფუნქციოდ დარჩენილი. ხელისუფლების უყურადღებობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია, რომ ბავშვები ამ სკოლაში ვერ სწავლობენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს დავამთავროთ ეს სტაგნაცია ქვეყანაში და დავუბრუნდეთ მსგავსი მშენებლობებისა და პროექტების დასრულების ტემპის ძველ ნიშნულს. მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს თერჯოლელები სწორ არჩევანს გააკეთებენ", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.