გაეროში რუსეთის წარმომადგენლისთვის ტექსტებს "ოცნება" წერს - ჩეჩელაშვილი

16.08.24 15:39
გაეროში რუსეთის წარმომადგენლისთვის ტექსტებს "ოცნება" წერს - ჩეჩელაშვილი

"გაეროში რუსეთის წარმომადგენლისთვის ტექსტებს "ოცნება" წერს" - ასე ეხმაურება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევის ხელმძღვანელი, ვალერი ჩეჩელაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით ივანიშვილის გუნდის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატების მოყვანას.

მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მიყენებულმა ზიანმა გრძელვადიანი ეფექტი იქონიოს.

ამასთან, ვალერი ჩეჩელაშვილი ელჩებს ხმის ამაღლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ასეთ მწვავე ვითარებაში დიპლომატებს ქვეყნის ბედზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნიათ.

ელჩებს აკისრიათ განსაკუთრებული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ბედზე. ამიტომ, ახლა ჩვენ ისეთ ვითარებაში ვიმყოფებით და ეს კიდევ უფრო გამძაფრდება, რომ ამ დუმილით საკუთარ დილემას ვერცერთი ელჩი ვერ გადაწყვიტავს. გამოვიდა, რომ "ოცნება" დღეს წერს განცხადებებს რუსეთის წარმომადგენლისთვის გაეროში. იმან თავიც კი არ შეიწუხა, რომ რაიმე გადაეკეთებინა, უბრალოდ ციტირება მოახდინა და ამას ექნება, სამწუხაროდ, გრძელვადიანი ეფექტი", - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გაეროში, რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.

დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.

გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".