რუსეთმა დაიმორჩილა საქართველოს ხელისუფლება და აკეთებინებს იმას, რაც მას სურს - რუხაძე
"რუსეთმა დაიმორჩილა საქართველოს ხელისუფლება და აკეთებინებს იმას, რაც მას სურს" - ასე ეხმაურება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, გიორგი რუხაძე გაეროს უშიშროების სხდომაზე რუსეთის წარმომადგენლის მიერ აგვისტოს ომის შესახებ "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებიდან ციტატების დამოწმებას.
ევროპული კვლევების დირექტორი "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მოქმედებს, რაც კრემლის ინტერესებთან პირდაპირ თანხვედრაშია.
ამასთან, გიორგი რუხაძე დიპლომატიურ სამსახურში მომუშავე ადამიანების პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ელჩები, რომლებიც მმართველი პარტიის განცხადებებს არ ემიჯნებიან, რუსულ ინტერესს ატარებენ.
ვინმეს ეს მოსწონს თუ არ მოსწონს, დღეს ვინც დიპლომატიურ სამსახურშია დარჩენილი, ყველა ამ ინტერესებს ემსახურება. ყველა მუშაობს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ყველა მუშაობს რუსეთის ინტერესებისთვის. ფაქტია, რომ რუსეთმა დაიმორჩილა საქართველოს ხელისუფლება. დღეს მას საქართველოში ჰყავს თავისი ხელისუფლება და შესაბამისად, აკეთებინებს იმას, რაც მას სურს. ის, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ის კეთებს საკუთარი ინტერესებიდან, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების და საკუთარი პოლიტიკური ხაზის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც სრულ თანხვედრაშია მოსკოვის ინტერესებთან", - ამბობს გიორგი რუხაძე.
შეგახსენებთ, რომ გაეროში, რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს დასადანაშაულებლად "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გამოიყენა.
დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ივანიშვილის ხელისუფლების პოზიცია წაიკითხა, რომ თითქოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის დაკვეთის შესაბამისად მოქმედებდა.
გაეროს უშიშროების საბჭომდე ერთი დღით ადრე კი "ოცნება" ომის გამოძიებით დაიმუქრა - ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ "2008 წლის ომის გარე ძალების მხარდაჭერით მოხდა".