რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს - მდინარაძე აგვისტოს ომზე

16.08.24 16:32
რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს - მდინარაძე აგვისტოს ომზე

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა - რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს,-  ამბობს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და აცხადებს, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება „საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხია, რათა სხვა დროს, ვერავინ გაბედოს ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებების ჩადენა“.

მდინარაძის თქმით, “ისეთივე რუსულია ეს გამოძიება, როგორი რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი.“

რაც არ მოსწონთ, აზიანებთ, ააშკარავებთ, მათთვის რუსულია ყველაფერი. ახლა რაც შეეხება რა არის რუსული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი. სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე მათ ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მათ აღადგინეს, საზღვრები მათ დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელს მსოფლიოს აჩვენეს 7-ში აქედან იქით დაბომბვის კადრები. ამის შემდეგ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. შემდეგ ტალიავინის დასკვნას დაეთანხმნენ და დღეს საუბრობენ, რომ სხვისი ნაკეთები რამე საქმეა რუსული და თურმე, ამ ყველაფრის გამოძიება არის რუსული“, - აცხადებს მდინარაძე.

მმართველი გუნდის ლიდერის მტკიცებით, “ნაცებმა“ რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. მაგრამ ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის აქ - ჩვენ სტრასბურგიც მოვიგეთ და ჰააგაც. კრინტიც არ დაგვიძრავს მაგალითად, მე-11 პუნქტზე, სადაც ეწერა, რომ შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმა. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა იძახონ, ჩვენს -საქართველოსა და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ ჰააგაც ჩავლილია და სტრასბურგიც. ახლა მათ რაც უნდათ ილაპარაკონ, ამ საქმეს სახელმწიფო მაინც გამოიძიებს.

ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, იმიტომ რომ სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებების ჩადენა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას  "საჯარო გასამართლებით"  ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო". 

"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.