ჯერ ვინმეს დაარქვა რუსული და შემდეგ დაბლოკო, ეს არ არის სამართლიანი - ვოლსკი Meta-ს სკანდალურ ანგარიშზე
ჯერ ვინმეს დაარქვა რუსული და შემდეგ დაბლოკო, ეს არ არის სამართლიანი - ასე ეხმაურება Meta-ს სკანდალურ ანგარიშს "ოცნების" წევრი გია ვოლსკი.
ვოლსკის ისრები წინა ხელისუფლებაზე გადააქვს და ამტკიცებს, რომ ოცნებას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.
რუსული თემა ქართულ სინამდვილეში თუ ვინმეს გამოუყენებია, ეს არის თქვენი ხელისუფლება, რომელიც 2012 წლამდე წამებით განაგებდა ამ ქვეყანას. 2012 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ნაბიჯი ქართულ ოცნებას არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ...
თუ დასაბლოკია რომელიმე გვერდი, უნდა დაბლოკო, სამართლიანად თუ დაბლოკავ. ჯერ ვინმეს დაარქვა რუსული და შემდეგ დაბლოკო, ეს არ არის სამართლიანი. მე კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი", - განაცხადა ვოლსკიმ.
გამოვლენილია რუსი ტროლები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდნენ - Meta აცხადებს, კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალეს 76 Facebook და 11 Instagram ანგარიში, ასევე 30 Facebook გვერდი.
Meta-ს განცხადებით, ეს რუსული წარმოშობის ქსელია, მისი სამიზნე კი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი.
Meta-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს გვერდები, საქართველოში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერდნენ და აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდნენ. ანალოგიურად ხდებოდა აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაშიც, ადგილობრივ მოვლენებზე აქვეყნებდნენ პოსტებს და დასავლეთს აკრიტიკებდნენ.