"ახლა უკვე ბერას საძმაკაცოს განსაკარგი გახდა ფილარმონიაც" - ოპოზიცია Black Sea Arena-ს მთავრობისთვის გადაცემაზე
"ახლა უკვე ბერას საძმაკაცოს განსაკარგი გახდა ფილარმონიაც" - ასე ეხმაურება ოპოზიცია Black Sea Arena-ს მთავრობისთვის გადაცემას.
"ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე ამბობს, რომ ახლა უკვე "ბერას საძმაკაცოს დასაქმების ბიურო" გახდება ფილარომონიაც.
მნიშვნელოვანი არის ის, რომ Black Sea Arena-ს შეუერთდა დიდი საკონცერტო დარბაზი. ეს არის ფილარმონია და ახლა უკვე ბერას საძმაკაცოს განსაკარგი გახდა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიც. გააკეთებენ, ერთ დიდ შპს-ს, სადაც იქნება Black Sea Arena და ფილარმონია. შესაბამისად, ეს იქნება კიდევ ერთი საძმაკაცოს დასაქმების ბიურო. Black Sea Arena არის სახელმწიფო დოტაციაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დარბაზმა გადმოცემის დღიდან ვერანაირი მოგება ვერ მოუტანა ბიუჯეტსა პირიქით ბიუჯეტის შესანახი გახდა დარბაზის, როგორც ინფრასტრუქტურული მხარე ასევე, მომსახურება და ბერას საძმაკაცოს ხელფასები", - განაცხადა ბესო დონაძემ.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით კი, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვის ხელში გადავა Black Sea Arena და რა ტიპის კლანურ გაუგებრობას აქვს ადგილი, რადგან აქ მნიშვნელოვანია, რომ ამაში დიდძალი თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან.
Black Sea Arena-ს სახით ივანიშვილის ეს გულუხვი საჩუქარი სახელმწიფო ბიუჯეტს უჯდება ყოველწლიურად 4 მილიონ ლარზე მეტი. ამას ემატება ისიც, რომ ამ ტერიტორიებს და ამ საკუთრებას განაგებენ ბერას მეგობრები, რომლებიც კაცმა არ იცის რას აკეთებენ, რაში ხარჯავენ საბიუჯეტო რესურსებს, რა კონცერტებს აწყობენ და საერთოდ რამდენად გამართლებული არის ის კონცერტები, რომელსაც ეს ხალხი აწყობს. შესაბამისად, ნაკლებად მნიშვნელოვანი არის, ვის ხელში გადავა ეს და რა ტიპის კლანური გაუგებრობა არის. მთავარი არის, რომ ეს ორი ობიექტი გადაიქცა პრობლემურ ობიექტად სწორედ ამ ხელისუფლების ხელში",- განაცხადა საბა ბუაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena ჩამოართვა. "ბლექ სი არენა" კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წელს გადაეცა.