"რატი ბრეგაძე ჩვენი პრობლემით არ დაინტერესდა" - საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი რეპრესიებზე ალაპარაკდა

17.08.24 15:51
"რატი ბრეგაძე ჩვენი პრობლემით არ დაინტერესდა" - საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელი რეპრესიებზე ალაპარაკდა

საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული თანამშრომელ რეპრესიებზე ალაპარაკდა - მარიტა ჩხიკვაძე, რომელიც სსიპ-ში 2017 წლიდან მუშაობდა, არაადამიანურ მოპყრობაზე, დისკრიმინაციაზე, ნეპოტიზმსა და სიძულვილზე წერს, რომელსაც, მისი მტკიცებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ჰქონა ადგილი.

ჩხიკვაძე პირდაპირ ადებს ხელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს, დავით დევიძეს.

ასევე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს, რომ თანამშრომლებმა, რომლებმაც რეპრესიების ფონზე სსიპი დატოვეს, არაერთხელ მიმართეს მინისტრ, რატი ბრეგაძეს, თუმცა ჩხიკვაზის თქმით, მინისტრის მათ პრობლემებით არ დაინტერესდა.

როგორც ჩემმა მეგობრებმა იცით, 2017 წლიდან ვმუშაობდი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში იურისტის პოზიციაზე. ამ შვიდი წლის განმავლობაში მივიღე მნიშვნელოვანი გამოცდილება და შევიძინე არაერთი მეგობარი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან მიყვარდა ჩემი სამსახური და საქმე, რომელსაც ვაკეთებდი.

სამწუხაროდ, საშინელი მდგომარეობა და სრული ქაოსი დაიწყო მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა ბატონმა დავით დევიძემ.

დავით დევიძე ჯერ კიდევ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო, როდესაც კაბინეტში იბარებდა და საქმეებს ურჩევდა იურისტებს სოციალურ ქსელში მისთვის არასასურველი ფოტოებისა და პოსტების მოწონების ან კომენტარების დაწერის გამო. მისი თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ კი, რეპრესიების ფონზე, იურიდიული დეპარტამენტი დატოვა ბევრმა ძველმა თანამშრომელმა…

ამავე პერიოდიდან საჯარო რეესტრში დაიწყო იმ თანამშრომელთა მარგინალიზაცია, ვინც კითხვას სვამდა ან საკუთარ აზრს აფიქსირებდა… გაბატონდა ნეპოტიზმი, კრონიზმი (კონკურსის გარეშე სამეგობრო წრის დაწინაურება), არაპროფესიონალიზმი, ძალმომრეობა და ყველაფრის კადრება თანამდებობის შესანარჩუნებლად თუ მოსაპოვებლად. თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხრიდან ინტენსიურად ხდებოდა პირადი ინტერესების, საკუთარი და სამეგობრო წრის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, სხვა თანამშრომელთა შრომითი უფლებების იგნორირება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში უშუალოდ ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსი ქალბატონი ირინა ქაროსანიძე ჩემ მიმართ ხშირად იყენებდა სიძულვილის ენას, დამამცირებელ რეპლიკებსა და დისკრიმინაციულ მოპყრობას. მაგალითად, ის იმდენად ვერ მალავდა სიძულვილს ჩემ მიმართ, რომ სამსახურებრივ ჩატში (რომელშიც ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის ყველა თანამშრომელია გაწევრიანებული) ღიად მიწოდებდა არამეგობრულად განწყობილ თანამშრომელს.

თუ რა მძიმე სიტუაციაა საჯარო რეესტრში, ამას ადასტურებს პირველი დისციპლინური წარმოებისას მომზადებული 25 გვერდიანი დასკვნის (რომელიც დაეთმო ჩემი პირადი საუბრების აღწერას) ერთი პატარა მონაკვეთიც: „გ***** აფიქსირებს, რომ მ. ჩხიკვაძეს სჩვევია პოზიტიური საკითხების ნეგატიურ ჭრილში განხილვაც. ასეთი იყო მაგალითად ხელფასის ადრე ჩარიცხვის თემა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ .... რა აზრი ჰქონდა მაინც მალე დაიხარჯებოდა...“ ალბათ, სწორედ ამ ჩვენების მიცემის გამო, დღეს ეს თანამშრომელი იურიდიული დეპარტამენტის ერთ-ერთი მენეჯერია :))

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, თუ რა ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე მიწევდა მუშაობა. ბოლო 9 თვიდან 6 თვე ჩემ მიმართ დისციპლინური წარმოებები მიმდინარეობდა და ჩემსავე კოლეგებს აიძულებდნენ შიდა კონტროლის დეპარტამენტში მსგავსი სახის ჩვენებების მიცემას. ალბათ, იძულება დაიწყება ამ პოსტზე კომენტარების დაწერის მიზნითაც.

2024 წლის 14 აგვისტოს (სასამართლო მედიაციის მიმდინარეობის პერიოდში) დავით დევიძემ გამათავისუფლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტის თანამდებობიდან. ამასთან, მე არ ვარ იურიდიული დეპარტამენტის ის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამსახურის გარეშე დატოვა.

დავამატებ, რომ ჩემი გათავისუფლების შესახებ თავმჯდომარის ბრძანებაში არასწორად არის მითითებული მისი გასაჩივრების წესიც კი და წერია, რომ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საჯარო რეესტრს დაუგროვდა უამრავი შრომითი დავა და ჯერაც ვერ დაიმახსოვრა ხელმძღვანელობამ, რომ მსგავს დავებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განიხილავს, რაც წარმოადგენს ზემოთ ნახსენები გაბატონებული არაპროფესიონალიზმის ერთ-ერთ მტკიცებულებას.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მეცნობა სამუშაო საათების გასვლისას. არ მომეცა საშუალება, სამსახურის კომპიუტერიდან გადმომეტანა ჩემი პერსონალური დოკუმენტაცია, წყნარად და მშვიდად ჩამელაგებინა ჩემი პირადი ნივთები. სამუშაო ოთახში დაბრუნებისთანავე გამითიშეს კომპიუტერი, თავზე დამადგნენ სამეურნეო სამსახურის თანამშრომლები და მომექცნენ სრულიად არაკოლეგიალურად. ჩემთან გასაუბრება არ ისურვეს იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერებმა (დეპარტამენტის უფროსმა ან სამსახურის უფროსმა), ყველა თავის კაბინეტში იყო შეკეტილი.

საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობა საუბრებში აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესები წლების მანძილზე ჭიანურდება და სასამართლოს გადაწყვეტილებები შრომით დავებზე არ ანაღვლებთ. შესაბამისად, გასაკვირი არ იყო სასამართლო მედიაციის მიმდინარეობისას ჩემი სამსახურიდან გათავისუფლება (ამ ქმედებითაც დასტურდება მართლმსაჯულების მიმართ მათი უპატივცემულო დამოკიდებულება).

არაერთხელ მივმართეთ მინისტრს - ბატონ რატი ბრეგაძეს, პირადად შეგვხვედროდა, დაგვხმარებოდა ამ სიტუაციაში და მხოლოდ ერთი მხარისთვის არ მოესმინა, თუმცა, რიგითი თანამშრომლების პრობლემებით არ დაინტერესდა და ჩემი ყველა განცხადება განსახილველად ისევ დავით დევიძეს გადაუგზავნა. დიდი მადლობა, ბატონო რატი! Rati Bregadze

ერთ წელზე მეტია სახალხო დამცველი განიხილავს საჯარო რეესტრის იურიდიული დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის საქმეს (მათ შორის, ჩემს საქმესაც) შრომითი უფლებების დარღვევის კუთხით და კანონით დადგენილი ყოველგვარი ვადის გასვლის მიუხედავად, გადაწყვეტილება (რეკომენდაცია) დღემდე არ არის მიღებული. საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia

მითითებულ საქმეებზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან უმოქმედობის მიუხედავად, მაქვს სასამართლოს იმედი და მოლოდინი, რომ ჩემს სიმართლეს ამ გზით დავამტკიცებ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო • National Agency of Public Registry", - წერს მარიტა ჩხიკვაძე.