"ამოცანაა შტატებთან ურთიერთობის აღდგენა" - გიორგი ვაშაძე აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრება
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე რამდენიმე-დღიანი ვიზიტით აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრნენ.
პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერები "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატად კამალა ჰარისის წარდგენას დაესწრებიან.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს, რადგან შეხვედრის ამოცანა შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებაა.
უმნიშველოვანესი ვიზიტი, რომელიც გვექნება აშშ-ში. ამოცანაა, რომ აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკასთან. დავესწრებით კამალა ჰარისის წარდგენას.
დავესწრებით დემოკრატების დიდ შეკრებას სადაც იქნებიან წარმოდგენილი მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ჯო ბაიდენი, ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ობამა, ჰილარი კლინტონი, ბილ კლინტონი და რაც მთავარია იქნება ძალიან ბევრი ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ჩვენ გვჭირდება საქართველოში იმისთვის, რომ შევქმნათ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.
ასევე მოვიტანოთ ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ეს შეგვიძლია და ამ მიზნით მივდივართ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრის გამარჯვებისთვის.
მოვემზედოთ იმისთვის, რომ საქართველოში ბევრი ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნორმალურად და გავაღრმაოთ ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.”- განაცხადა ვაშაძემ.