"ოცნებისგან" განსხვავებით, კორუფციაში გარეულები არ ვყოფილვართ - გახარიამ საარჩევნო კამპანია სამეგრელოთი დაიწყო

18.08.24 10:59
"ოცნებისგან" განსხვავებით, კორუფციაში გარეულები არ ვყოფილვართ - გახარიამ საარჩევნო კამპანია სამეგრელოთი დაიწყო

გიორგი გახარიამ საარჩევნო კამპანია სამეგრელოთი დაიწყო - ექს პრემიერის პარტიამ ზუგდიდში რეგიონული ოფისი გახსნა და მხარდამჭერებს გუნდის წევრებთან ერთად შეხვდა.

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს აღარანაირი რესურსი აღარ დარჩა ქვეყნის სამართავად, რადგან გახარიას თქმით, ივანიშვილის პარტიის წევრები მხოლოდ თბილ კაბინეტებზე და ბინძური გზებით ძალაუფლების შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებულები.

როდესაც „ოცნებასთან“ ჩვენი გზები გაიყო და გაიყო მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ადამიანები იმისთვის, რომ თბილი კაბინეტები, სავარძლები, ძალაუფლება და მოპარული ფული შეენარჩუნებინათ, ღირსება დაკარგეს. ისინი დღეს მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.

ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ 12 წელი გავიდა, რაც "ოცნება" ხელისუფლებაშია. ამ 12 წლიდან ძალიან ბევრი დრო გავატარეთ ერთად. ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია, ბევრი მიღწევაც ყოფილა, შეგვშლია კიდევაც და ამის აღიარება არასდროს შეგვშინებია. უბრალოდ შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს არ დავმალულვართ, არასდროს არ გავქცეულვართ და არასდროს საქართველოს მოქალაქეები გაჭირვებაში მარტო არ მიგვიტოვებია და არასდროს კორუფციაში გარეული არ ვყოფილვართ. რასაც, სამწუხაროდ, დღე იმ ადამიანებზე, რომლებიც "ოცნებაში" დარჩნენ, იგივეს ვერ ვიტყვი", - ამბობს გახარია.