მასწავლებლის დღის აღნიშვნა სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარ მლნ ლარზე მეტი დაუჯდება - სურს თუ არა "ოცნებას" წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერა
მასწავლებლის დღის აღნიშვნა სახელმწიფო ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული დაჩქარებული ტენდერის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მხოლოდ ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში 519 ათასი ლარი დაიხარჯება, დანაჩენი თანხა კი პედაგოგების ფულადი ჯილდოსთვის გადანაწილდება.
მასწავლებლის ეროვნული დღე 27 ოქტომბერს აღინიშნება, მაგრამ წელს თარიღი გადმოწიეს და გამორჩეულ მასწავლებლებს 13 სექტემბერს გამოავლენენ. თარიღის ცვლილების გამო კი, განათლების სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ "ოცნების" მიერ პედაგოგების წინასაარჩევნოდ დაჯილდოება კეთილგანწყობის მოპოვებას ემსახურება.
როგორც სფეროს ექსპერტი, სიმონ ჯანაშია აცხადებს, გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მასწავლებლების დღის აღნიშვნით მმართველ პარტიას პედაგოგების თვალში პოლიტიკური ქულების დაწერა სურს.
ჩემ გარშემო მასწავლებლებს არავის არ სჯერა, რომ მთავრობას გულწრფელად უნდა, რომ მართლა დააფასოს პედაგოგების შრომა და მათი მიღწევები. ყველას სჯერა, რომ ეს პრემია არის იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური ქულები დაიწერონ. მასწავლებლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ მასალები, რომ საკუთარი ხელფასიდამ ყიდულობენ პრინტერის კატრიჯებს, არ ეკითხებიან გადაწყვეტილების მიმღებები აზრს. დაფასება იქნებოდა ის, რომ მათ საკუთარი აზრი ჰკითხონ და რეალურად რაც სჭირდებათ ის მისცენ", - ამბობს სიმონ ჯანაშია.