“საქართველო უფრო მარტივი ლუკმა გახდება“ - ოპოზიცია “ოცნებას“ რუსეთის ამოცანის შესრულებაში ადანაშაულებს

19.08.24 15:38
“საქართველო უფრო მარტივი ლუკმა გახდება“ - ოპოზიცია “ოცნებას“ რუსეთის ამოცანის შესრულებაში ადანაშაულებს

ოპოზიცია “ქართულ ოცნებას“ რუსეთის ამოცანის შესრულებაში ადანაშაულებს და ცხადებს, რომ “მხარდამჭერების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო უფრო მარტივი ლუკმა გახდება რუსეთისთვის“.

“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მათი გამოკვეთილი პოზიციაა, საქართველოს არ დარჩეს არცერთი მეგობარი.

მათი გამოკვეთილი პოზიცია არის ის, რომ საქართველოს არ დარჩეს არცერთი მეგობარი, კეთილგანწყობილი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროში, მხარდამჭერების და პარტნიორების გარეშე დარჩენილი საქართველო უფრო მარტივი ლუკმა გახდება რუსეთისთვის და ეს არის რუსეთის ამოცანა, საქართველოსთან მიმართებაში, საგარეო ველზე, სამწუხაროდ, ძალიან ბეჯითადა მიზანმიმართულად მიჰყვება “ქართული ოცნება“, - ამბობს  ანა ნაცვლიშვილი.

ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობად აფასებს “ოცნების“ ქმედებებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი და ამტკიცებს, რომ “სწორედ მათი პოლიტიკის გამო გარბის ხალხი ქვეყნიდან.“

“ოცნება“ საქართველოს აქცევს იზოლაციაში თავისი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, ეს მეგობრობა და პარტნიორობა კი გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი იქნას დაცული საერთაშორისო ასპარეზზე და, რა თქმა უნდა, აქედან ქართველმა ხალხმა სარგებელი მიიღოს. ოცნების პოლიტიკა განმაპირობებელია იმის, რაც საქართველოშია და რის გამოც ათასობით მოქალაქე გარბის ამ ქვეყნიდან“,- აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა საქართველოს მაშინდელი პრემიერის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა.

ხარიშინის თქმით, "იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები" და აცხადებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი.