კობახიძეს ფარცხალაძის აგენტობის არ სჯერა

19.08.24 16:38
კობახიძეს ფარცხალაძის აგენტობის არ სჯერა

ირაკლი კობახიძეს ოთარ ფარცხალაძის აგენტობის არ სჯერა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის საქართველოში ჩამოსვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

საქართველოს პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვს და ამტკიცებს, რომ კონკრეტული დოკუმენტების გარეშე ოთარ ფარცხალაძე "ეფ ეს ბეს" აგენტობაში ბრალეული ვერ იქნება.

რუსული კანონის მიმღები პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოს რუსეთთან უვიზო მიმოსვლა აქვს, ამიტომ ოფიციალური ვაშინგტონის მიერ დასანქცირებული ფარცხალაძე, რომელსაც საქართველოს პასპორტი არ გააჩნია, ქვეყანაში თავისუფლად შემოვიდოდა.

"ფარცხალაძე საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას 10 წელია აღარ იკავებს, ამიტომ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს" - ირწმუნება კობახიძე. 

რაც შეეხება სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ მტკიცებულებებს. არავითარი ბრალი მას წაყენებული არ აქვს. ვერც ერთ ჯერზე ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება ვერცერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, ეს ეხებოდა მოსამაართლეებს, ოთარ ფარცხალაძეს. რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. მოგეხსენებათ, მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო, შესაბამისად, ვიზის გარეშე შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. ოპოზიციაც უჭერს მხარს ამას. 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას, აქედან გამომდინარე, სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს", - ამბობს კობახიძე. 

ოთარ ფარცხალაძე თბილისშია - გამოცემა "სოვას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის მიერ რუსული "ეფ ეს ბეს" აგენტად გამოცხადებული ყოფილი გენერალური პროკურორი ორ თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთ კაფეში დააფიქსირეს.

"პირველების" ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ორბელიანების სასახლის ირგვლივ არსებულ რეტრო კაფეში შენიშნეს.