ადრე ერთი ოპოზიციური ფანჩატური იყო, ახლა კი 3-4 იქნება - პრემიერი ოპოზიციურ ერთობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბახმაროში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ოპოზიციურ ველზე ახალი ერთობის შესახებ ამახვილებს ყურდღებას და აცხადებს, რომ "ადრე ერთი ოპოზიციური ფანჩატური იყო, ახლა კი 3-4 იქნება".
რუსული კანონის მიმღები პრემიერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის არჩევნების მოსაგებად საკმარისი რესურსი არ აქვს.
ადრე იყო ერთი ოპოზიციური ფანჩატური, ახლა იქნება ერთის მაგივრად, სამი-ოთხი ფანჩატური. რეალურად განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება. მათ რესურსი არ აქვს.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი, ერთი პოლიტიკური ძალა, ამას ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და შემთხვევითი არ არის, ყველამ ვიცით, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად საერთო ხედვები ყველაფერთან დაკავშირებით, უფრო სწორად, მათ აქვთ ზუსტად ის ხედვები, რაც აქვთ მათ საერთო პატრონს. აქედან გამომდინარე, არავითარი განსხვავება არ არის, ისინი დღეს, ხვალ ხან ერთად იქნებიან, ხან ცალ-ცალკე იქნებიან, არავითარი განსხვავება არ არის, ერთადერთი არის ის, რომ ისინი არიან ერთიანი პოლიტიკური ძალა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.