“ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ენმ-მ ჩაიდინა“ - კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებით ისევ იმუქრება

19.08.24 16:55
“ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ენმ-მ ჩაიდინა“ - კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებით ისევ იმუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, “2008 წლის აგვისტოს ომამდე “ნაცმოძრაობამ“ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა და ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომლის გამოც, ისინი უნდა გასამართლდნენ.“

როგორც ირაკლი კობახიძემ ბახმაროში ჟურნალისტებს განუცხადა, “ნაცმოძრაობის“ გასამართლება მმართველი ძალის საერთო პოზიციაა.

რაც შეეხება ნაცმოძრაობის გასამართლებას, ეს არის მმართველი ძალის საერთო პოზიცია, ნაცმოძრაობა სხვადასხვა დანაშაულისთვის აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ეს არის მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, ასევე არის მრავალი სხვა დანაშული, რომელიც 9 წლის განმავლობაში იქნა ჩადენილი. რაც შეეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ამაზე მე არაერთხელ მისაუბრია და რეალურად ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისთვის, რომ აგვისტოში მომხდარიყო ის რაც მოხდა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. 

ამისთვის ვითარებას “ნაცმოძრაობა“ ამწიფებდა, 2005 წლიდან მოყოლებული, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს ქრონოლოგია არაერთხელ მითქვამს, როგორ მიიღეს ჯერ კანონი ე.წ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, მერე როგორ შეიქმნა ე.წ დროებით ადმინისტაცია, აირჩა ე.წ პრეზიდენტი, პარალელურად იყო სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები და  ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, მომწიფებულიყო ომი, რაც მოხდა 2008 წელს. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის და ხალის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წლის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოფილ ხელისუფლებას  "საჯარო გასამართლებით"  ემუქრება - "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ომი "8 აგვისტოს, ქართული მხარის პროვოკაციის გამო დაიწყო". 

"ქართული ოცნება" რუსეთის მსგავსად, კვლავ იმეორებს, რომ ომი არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.