ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე 11 პარტიას უარი უთხრა

19.08.24 16:51
ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე 11 პარტიას უარი უთხრა

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 პარტიას რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

უწყების ცნობით, რეგისტრაციისთვის ცესკოსჯამურად 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა, რომელთაგანაც ორის განაცხადი არ განხილულა. ცესკოში განმარტავენ, რომ ერთ შემთხვევაში საქმე პარტიის რეგისტრაციის გაუქმებაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ეხებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში პარტიის ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუწყდა.

ცესკოს ინფრომაციით, 2024 წლის არჩევნებზე 17 პარტია დარეგისტრირდა. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავდათ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები და კანონი რეგისტრაციისთვის 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერის წარმოდგენას ავალდებულებდა.

აღნიშნული პარტიებისთვის ცესკოსთვის მომართვის ვადა 15 ივლისს ამოიწურა და საერთო ჯამში უწყებას რეგისტრაციისთვის 30-მა პოლიტიკურმა პარტიამ მომართა.

მომართვების შედეგად, 30 პოლიტიკური პარტიიდან არ განხილულა 2-ის განაცხადი (ერთ შემთხვევაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით პარტიის რეგისტრაციის გაუქმების გამო, მეორე შემთხვევაში - ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის გამო). ხოლო დარჩენილი 28 პარტიიდან:

  •     რეგისტრაცია გაიარა 17-მა;
  •     უარი ეთქვა რეგისტრაციაზე 11-ს.

11 პოლიტიკური პარტიისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები შემდეგია:

  •     4-მა პარტიამ არ წარმოადგინა მხარდამჭერთა სიები;
  •     5 პარტიას დაუდგინდა ხარვეზი მხარდამჭერთა სიების შემოწმებისას და მათ მიერ წარმოდგენილმა შესწორებულმა დოკუმენტაციამ ხარვეზი ვერ აღმოფხვრა;
  •     2 პარტიის ხელმძღვანელს განცხადების წარმოდგენის მომენტისათვის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება.

საერთო ჯამში, ცესკოს მიერ შემოწმდა 27 119 ფურცელზე წარმოდგენილი 780 049 მხარდამჭერის შესახებ ინფორმაცია. შედეგად, რეგისტრაცია გაიარა შემდეგმა 17-მა პარტიამ:

  •     „საქართველო“
  •     „მესამე გზა“
  •     „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  •     „გახარია საქართველოსთვის“
  •     „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  •     „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“
  •     „სამართლიანობისთვის“
  •     „ანა დოლიძე - ხალხისთვის“
  •     „თავისუფალი საქართველო“
  •     „მემარცხენე ალიანსი“
  •     „შეცვალე საქართველო“
  •     „დემოკრატთა ალიანსი“
  •     „ტრიბუნა“
  •     „მწვანეთა პარტია“
  •     „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა“
  •     „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  •     „ქართველ ერთობა“