არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა - კობახიძე NED-ზე
"გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა" - ასე პასუხობს ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც წერია, რომ NED-მა საქართველოში სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება დააფინანსა, რათა დემონსტრაციები მოეწყოთ.
საქართველოს პრემიერი ირწმუნება, რომ მმართველმა პარტიამ რუსული კანონი რევოლუციების თავიდან არიდების მიზნით მიიღო.
მე არ მინდა, რომელიმე კონკრეტულ უცხოურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა გამჭვირვალობა არის მთავარი. ჩვენ არავის ვუზღუდავთ დაფინანსებას, შეუძლიათ ვიღაცეებს, თუნდაც, რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარია, რომ დაფინანსება იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულ ინფორმაცია უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ, ამისათვის იქნა მიღებული კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭვირვალედ სცადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება, ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.