“თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს სწორედ უკრაინის ხელისუფლებაა“ - კობახიძე უკრაინელ დიპლომატს პასუხობს
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა იმ მიზეზით მოხდა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს არ შეუერთდა და მოხალისე მებრძოლები არ გააგზავნა.
კობახიძემ პოდილიაკის და დანილოვის განცხადებებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მთავრობას “მეორე ფრონტის გახსნისკენ ღიად მოუწოდებდნენ.
ელჩი უკრაინამ გაიწვია ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს და ამისთვის დასახელებული იყო 2 მიზეზი, პირველი: რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება და მეორე, ჩვენ უკრაინაში არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები, შესაბამისად, აშკარაა თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის, რაზედაც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიანებით ღიად საუბრობდენ, პოდილიაკი და დანილოვი, ღიად მოგვიწოდებდნენ, მეორე ფრონტის გახსნისკენ და აქ ლოგიკურად იკითხება მათი გადაწყვეტილება, რომელიც 1 მარტს იქნა მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.
ამათ, პრემიერმა უკრაინა არამეგობრული გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშულა და აღნიშნა, რომ სწორედ მათ უნდა გაადხედონ საკუთარ გადაწყვეტილებას.
თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება , რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება", - ამბობს პრემიერი.
კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებასთან "ცალმხრივი მეგობრობის" რეჟიმს გააგრძელებს.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა საქართველოს მაშინდელი პრემიერის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა.
ხარიშინის თქმით, "იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები" და აცხადებს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი.