ცისკარიშვილი: ქართულმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ეს არის არჩევნები იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება

20.08.24 12:18
ცისკარიშვილი: ქართულმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ეს არის არჩევნები იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება

"მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან ეს არის არჩევნები იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება: იზოლირებულსა თუ გაღარიბებულში, თუ ევროპულსა და განვითარებულში", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"მოდით, ქართული ოცნების" განცხადებების შეფასებას თავი გავანებოთ, ჩვენ ვესაუბროთ ქართველ ხალხს. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მართლაც რეფერენდუმი - ისტორიული და უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს არის არჩევნები იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება: იზოლირებულსა თუ გაღარიბებულში, თუ ევროპულსა და განვითარებულში; აი ამ საკითხს უკავშირდება 26 ოქტომბრის არჩევნები. გვინდა თუ არა, რომ უფრო მეტი ადამიანი გადიოდეს ჩვენი ქვეყნიდან და ცარიელდებოდეს ჩვენი ქვეყანა, თუ პირიქით, აქედან წასული ემიგრანტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის მიმზიდველი იყოს აქ ცხოვრება და არამარტო მათთვის, არამედ შემოდიოდეს გარედან ინვესტიციები, იქმნებოდეს ახალი, მაღალანაზღაურებადი და მაღალტექნოლოგიური  სამუშაო ადგილები, საქართველო იყოს ეკონომიკური მიზიდულობის მთავარი ცენტრი -ასეთი ქვეყანა გვინდა, თუ რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის ბლოკში მყოფი, იზოლირებული, ბოლშევიკების მიერ მართული, დიქტატორული ქვეყანა", - თქვა ბრიფინგზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა .

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადების იმ ნაწილში, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" ეხება, აღნიშნულია, რომ "არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ქვია”.