“აბსურდიდან ქმნით ნიუსს“ - “ოცნება“ რუსული ზეთით ქართული ჯარის მომარაგებაში პრობლემას ვერ ხედავს

20.08.24 15:36
“აბსურდიდან ქმნით ნიუსს“ - “ოცნება“ რუსული ზეთით ქართული ჯარის მომარაგებაში პრობლემას ვერ ხედავს

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ რუსული ზეთით ქართული ჯარის მომარაგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უმნიშვნელო თემაა და “ამხელა აჟიოტაჟი საჭირო არ არის.“

„ოცნების“ წევრი, ირაკლი კირცხალია პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ საქართველოს რუსეთთან არანაირი სავაჭრო სანქციები არ აქვს.

ყველაზე უმნიშვნელო თემიდან ქმნით რამხელა აჟიოტაჟს. თქვენ კარგად იცით, ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა, რომ არც რუსეთისთვის და არც სხვა ქვეყნისთვის სანქცია არ დაგვიწესებია. კარგად იცით, რომ რუსეთთან არანაირი სავაჭრო სანქციები არ გვაქვს. ჯერ მოიკითხეთ თავდაცვის სამინისტროში, იქნებ პირველად ქართულ ზეთს მიმართეს და რაღაცამ არ დააკმაყოფილა. სრულიად აბსურდიდან ქმნით ნიუსს“, - განაცხადა კირცხალიამ.

ქართულმა სახელმწიფომ ჯარისთვის 2024 წლის ივნისში, ტენდერის გამოცხადების გარეშე, რუსული ზეთი ЭФКО შეიძინა - ინფორმაციას თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულ ზეთს სახელმწიფო შპს სახელმწიფო კვებითი  უზრუნველყოფის გავლით ყიდულობს, ხოლო აღნიშნული კომპანიის მეწილეებს ქართული ოცნებისთვის 2017 წელს ჯამში 180 ათასი ლარი აქვთ შეწირული.